ტყიბულში ათასამდე მეშახტე სამუშაო პროცესზე უარს აცხადებს. მინდელის შახტთან შეკრებილები უსაფრთხოების ზომების დაცვას და ხელფასების მატებას მოითხოვენ.
მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. საუბარია მინდელის შახტში ლიფტის ჩავარდნის შესახებ, რა დროსაც ლიფტში 22 მეშახტე იმყოფებოდა. მეშახტეები გადარჩნენ, ადმინისტრაცია კი მათი პრობლემით არ დაინტერესებულა. დაწყებულია მოლაპარაკება კომპანიასთან.
მეშახტეების განცხადებით, ამ დრომდე არ არის მიღებული უსაფრთხოების ზომები, მიუხედავად იმისა, რომ შახტი, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში რეკონსტრუქციისთვის ჩაკეტილი იყო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა და დაზიანებული ამწე ბადის გარემონტება. ასევე, მეშახტეების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.
"ჩვენი მეშახტეების ძირეული მოთხოვნა არის იმ ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა, რაც არ არის ამ შემთხვევაში განხორციელებული შახტში. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მესამე ცვლაში ამწე ბადიამ განახორციელა ავარიული დაშვება, რომელშიც იჯდა ათობით მეშახტე. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამ ამწე ბადის რემონტი, რომლითაც ხდება ხალხის გადაადგილება. და მეორე მოთხოვნა - ეს არის ხელფასების მატება," – ამბობს აქციის მონაწილე ხვიჩა გაბუნია.
ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე მეშახტეები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ კომპანიამ დროულად გაარემონტოს კონკრეტულად ეს დამხმარე ჭაური, რომ მეშახტეებს აღარ ჰქონდეთ იმის შიში, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ხოლო ამის შემდეგ მეშახტეები გააგრძელებენ, ჩვეულებრივად, შახტში მუშაობას," - აცხადებს გაგა ისაკაძე.