ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
16 წლის ლუკა სირაძისგან იძულებითი ჩვენების მიღების ბრალდებით დაკავებული გამომძიებლის პროცესზე, ბრალდების კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა.
პროკურორის განმარტებით ნეიტრალურმა მოწმემ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ჩვენების მოპოვების მიზნით, არასრულწლოვანის იძულება დაადასტურა. მოწმე ფაქტის დროს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული.
"დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი სხდომა. მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანის მიერ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს,"-განაცხადა პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ
ბრალდებულის უფლებადამცველი გაგი მოსიაშვილი კი მარიანა ჩოლოიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს და მიიჩნევს რომ მოწმე დაცვის მხარის პოზიციას გაამყარა.
"მოწმე, რომელიც დღევანდელ დღეს დაიკითხა, გახლავთ ნეიტრალური მოწმე, მისი მიცემული ინფორმაცია არ ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას, მისი ჩვენება, სამართლებრივად რომ შევაფასოთ, მარიანა ჩოლოიანის გამართლების წინაპირობაა,"-განაცხადა ადვოკატმა.