ვინ არის ვასამბეგ ბოკოვი და რატომ იყო ჩასული პანკისში - ადგილობრივები დღეს კიდევ ერთხელ საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ახალი დეტალების გახდა ცნობილი, "კურიერი" დაინტერესდა, თუ როგორ შეაფასებდნენ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას პანკისის მცხოვრებლები.
პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი, ვის სახლშიც ვასამბეგ ბოკოვი დაკავებამდე იმყოფებოდა, ოფიციალურ კომენტარზე უარს აცხადებს. თუმცა, სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ბრალდება, რომელიც გააჟღერა სუს-მა საფუძველს მოკლებულია.
"ცხადია, არც ველოდი და ძალიან დაუჯერებელი ამბავია," - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
პანკისის სხვა მცხოვრებლები დაკავებულის კავშირს პანკისის ხეობასთან გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესის მიზანი პანკისის ხეობისთვის ჩრდილის მიყენებაა.
"ინფორმაცია მასთან დაკავშირებით იგივე ვრცელდება აქაც, რაც მედიაში ან უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. შესაბამისად, დამატებითი არ შეიძლება ამაზე პანკისში არსებობდეს იმიტომ, რომ ის ტიპი, ვინც დააკავეს არ იყო აქაური. ზოგი სტრუქტურა ძალიან კარგად იყენებს პანკისის ხეობას, რომ ყოველთვის ასე დაძაბული ჰყავდეთ. ჯერ მთლიანი საქართველოს საზოგადოება ჰყავდეთ დაძაბული ამ პანკისით და მეორე, თავად პანკისი," - განაცხადა პანკისის სახალხო კრების წევრმა სულხან ბორძიკაშვილმა.
დაკავებულ ბოკოვს ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, რეალურად კი სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, რაც მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა. ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება, შენახვა გამოყენების მუხლით წაუყენეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი აცხადებენ, რომ ვ.ბ. დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, ვასამბეგ ბოკოვი სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 12 ივნისს დააკავა.