ამ წუთებში EMC-ის თავმჯდომარე გამოკითხვაზე იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საგამოძიებო უწყებაში რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
თამთა მიქელაძე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო დაწყებული უთანხმოების პროცესში მარნეულში აქტიურად მუშაობდა.
მოწმის სტატუსით სუს-ში გუშინ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, სამოქალაქო აქტივისტები და მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლები გამოიკითხნენ. კითხვების ნაწილი ნარიმანოვის ძეგლის საკითხს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
გამოკითხვამდე განცხადებები გაკეთდა. თამთა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია ეთნიკური აზერბაიჯანელების თემატიკაზე მუშაობს და ცდილობს მათი უფლებების დაცვას.
ორგანიზაციას არაერთხელ გაუსაჯაროებია ის პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან არსებობს. კერძოდ კი მარნეულში მცხოვრებ პირებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან. მისის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში საუბარი იყო რასისტულ და შოვინისტურ განცხადებებზეც, რაზეც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამიტომ თამთა მიქელაძისთვის გაუგებარია, მისი გამოკითხვაზე დაბარება დღეს რატომ მოხდა.
მისი განცხადებით, ის გამომძიებლებთან დროს მაქსიმალურად გამოიყენებს იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკოს.
თამთა მიქელაძის თქმითვე, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე ბუნდოვანია და გაუგებარია, რატომ ხდება ულტრაკონსერვატიული ჯგუფებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების გაიგივება.
"მე ყველაზე მეტად ამ პროცესში მადარდებს სხვა აქტივისტების ბედი. ესენი არიან იგივე აზერბაიჯანელი აქტივისტები რეგიონებიდან, რომელთა გამოკითხვის პროცესმა აჩვენა, რომ აშკარად ჰქონდა მათი გამოხატვის და მოსაზრებების შემოწმებას ადგილი და სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავდით რასისტულ, შოვინისტურ კამპანიებს აზერბაიჯანელების მიმართ, არც ერთი კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათთვის როგორც დაზარალებულებთან არ დაუსვიათ მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური მტრობის ნიშნებიც იყო ცალკეული აქტივისტების მიმართ," - განაცხადა თამთა მიქელაძემ.