დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე განხილვა დღეიდან სასამართლოში იწყება. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.
არსებობს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი - ზაზა მურჯიკნელი, რომელიც ამ ბრალდებით დაკავებულია.
სასამართლო სხდომას დოდო გუგეშაშვილი ესწრება. აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, დღეს კი გაირკვევა, გავიდა თუ არა გამოძიება მკვლელობის დამკვეთზე.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის 24 იანვარს, "კურიერმა" გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სპეცოპერაციის ექსკლუზიური კადრები გაავრცელა. მკვლელობაში ბრალდებული მუხროვანის ამბოხებაზე გასამართლებული ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი აღმოჩნდა.
პოლიციამ ის ავტომობილი გააჩერა და გაჩხრიკა, რომელსაც დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისივე შვილის მკვლელობისთვის ძებნილი პირი მართავდა. ზაზა მურჯიკნელს გამომძიებლებმა ადგილზევე განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და ხელბორკილებიც დაადეს.
"კურიერის" ინფორმაციით, ზაზა მურჯიკნელი გულუას სპეცრაზმის ყოფილი წევრია. როგორც ცნობილია, ის დოდო გუგეშაშვილს თავსი დროზე ნდობის მოსაპოვებლად, თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკის, მალხაზ თოფურიას სახელით გაეცნო. თავად თოფურია "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაკავებულთან ნაცნობობა საერთოდ არ აკავშირებს და ელოდება გამოძიების დასრულებას, რათა დაზუსტდეს, რა კავშირშია მისი სახელი და გვარი 2018 წლის 7 თებერვალს მომხდარ მკვლელობასთან.
ზაზა მურჯიკნელი ე.წ მუხროვანის ამბოხის მონაწილეც იყო. ის 2009 წელს დააკავეს. ყოფილი ლეიტენანტი საპატიმროდან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს გათავისუფლდა. მურჯიკნელის აღიარებითი ჩვენება სამხედრო ამბოხების საქმეზე თითქმის 11 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
2018 წლის 7 თებერვალს შენიღბული და შეიარაღებული პირი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დროებით საცხოვრებელ სახლში დაესხა. მომხდარიდან მალევე გავრცელდა დანაშაულის სავარაუდო ვერსიები. მათ შორის, საუბარი იყო შეხვედრებზე უკრაინაში და ქარვის ბიზნესსზე. თუმცა, ეს ოფიციალურად ისევ არავის დაუდასტურებია. ერთადერთი, რასაც გუგეშაშვილი თავიდანვე ამბობდა იყო ის, რომ მისთვის უცნობ პირს მკვლელობა დაუკვეთეს.