ოთხდღიანი მუშაობის მიუხედავად, გამოძიებას, ჯერჯერობით, არ ჰყავს ოფიციალურად გამოკვეთილი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღძრულ საქმეში ფიგურირებს.
სავარაუდო დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები ისევ აქტიურად გრძელდება, თუმცა დასაზუსტებელია - სად იკარგება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის კვალი.
მუშაობა გააძლიერეს სამაშველო ჯგუფებმა, რომლებმაც სამუშაოები დღეს 70 მეხანძრე-მაშველით განაახლეს, მათ შორის არის მყვინთავთა ჯგუფი, 7 გასაბერი ნავით. გრძელდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.
პარალელურად, მომხდართან დაკავშირებით "კურიერისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სახლიდან, რომელიც ახალგაზრდებს წინასწარ ჰქონდათ ნაქირავები, ამოღებულია მტკიცებულებები და მათ შორის, არის ბლაგვი საგანიც. გარდა ამისა, საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწმეს გურამ ამირხანაშვილს ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები აღენიშნება - ამის შესახებ დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ახლობლებმა ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ამირხანაშვილი აცხადებს, რომ ეს დაზიანებები მან არა ფიზიკური დაპირისპირების დროს, არამედ მაშინ მიიღო, როდესაც თბილისისკენ მიმავალ გზაზე ნაძალადევის რაიონიდან ჩამოსული ბიჭებისგან დამალვას ცდილობდა. მისი განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მასსა და აღნიშნულ ახალგაზრდებს შორის არ მომხდარა.
მოწმეების ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეების დიდ ნაწილს დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ყველამ იცის, რომ დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დარეკა თბილისში და მეგობრებს დახმარება სთხოვა. "კურიერის" ინფორმაციით, მხოლოდ 2 ადამიანი იყო ჩასული თბილისიდან, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ თბილისიდან რამდენიმე ადამიანი ჩავიდა.
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილმა და გურამ ამირხანაშვილმა ტერიტორია დატოვეს მას შემდეგ, რაც ადგილზე მოხდა კონფლიქტი. მათ გაარიდეს ვითარებას თავი. მას შემდეგ, რაც ისინი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მათ დაეწია ავტომობილი. ავტომობილში 2 პირი იჯდა, ისინი გაუსწორდნენ იქვე ახლოს მყოფ 2 მამაკაცს, საიდანაც ერთ-ერთი არის ვახო ახვლედიანი და რომელიც მოწმის სახით გუშინ ჰყავდათ ტერიტორიაზე სამართალდამცველებს.
პარალელურად, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა იმ აგარაკზე, რომელიც ახალგაზრდებს ჰქონდათ ნაქირავები. ტერიტორიიდან ამოღებული არის ნივთმტკიცებულების სახით ახალი ნივთები, მათ შორის საუბარია გატეხილ აგურებზე, რომელიც გუშინ გვიან ღამით "კურიერის" კამერამ გადაიღო. თავად აგარაკის მეპატრონე ამ ფაქტს არ ადასტურებს.
"არაფერი არ არის ამოღებული სახლიდან. არ არის ეს სახლში მომხდარი, როგორც ჩანს. გუშინ გავიგე მეც ახალი დეტალები ტელევიზორიდან. სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს," - განაცხადა სახლის მეპატრონემ.
მაშველები დაკარგულს არაგვსა და მტკვარში ეძებენ.