09 სექტემბერი 2026,   07:57
ვრცლად
მთავარია დადგინდეს რითია დაზიანებები სხეულზე წარმოშობილი - გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება

19 წლის დაღუპულ ფეხბურთელს გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ასევე დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.

ოჯახის თქმით, ახლა მთავარი კითხვაა - ეს დაზიანებები მან სიცოცხლეში მიიღო თუ გარდაცვალების შემდეგ.

"იხილავს გამოძიება ყველა ვერსიას, კითხავენ მოწმეებს. ექსპერტმა ბრძანა, რომ სხეულზე ბევრი დაზიანებაა, თუმცა არ იციან როდინდელია და წარმოშობა რას უკავშირდება. მთავარია დადგინდეს, როდინდელია დაზიანებები, რითია წარმოშობილი, ეს არის სიცოცხლის დროინდელი თუ გარდაცვალების შემდგომი პერიოდის," - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.

საქმეზე მოწმეების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. უკვე გამოიკითხა საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე - ფოტოგრაფი, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.

მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია. 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.

დღის ამბები