19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მცხეთაში სამართალდამცავები იმ ტერიტორიას სწავლობენ, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლოს იმყოფებოდა, ასევე შენობას, სადაც საქმის ერთ-ერთი ოქროს მოწმე, დაბადების დღეზე მყოფი ფოტოგრაფი, იმალებოდა. ის სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
პარალელურად "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნახევარი საათის ინტერვალით 18 ივნისის ღამეს თბილისიდან 2 ავტომობილი დაიძრა - შავი ფერის "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ვერცხლისფერი მერსედესი. ორივე ავტომობილი ნივთმტკიცებულების სახით სამართალდამცველებმა ამოიღეს. პირებს ჩატარებული აქვთ ექსპერტიზა. ამასთანავე, ისინი რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე.
"კურიერი" დღეს მცხეთაში, ნარაკვევში, ჩავიდა, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა. ნივთმტკიცების სახით გამოძიებას აგარაკიდან ამოღებული აქვს რამდენიმე გატეხილი აგური. ფიზიკური დაპირისპირების კვალი შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არ აღინიშნება.
"კურიერი" ესაუბრა აგარაკის მეპატრონეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილზე სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული, თუმცა, მისივე განცხადებით, სისტემატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"აბსოლუტურად არაფერი აქ არ იყო დაზიანებული. ოთახშიც არ იყვნენ შესულები. რა მოხდა, აზრზე არ ვარ. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, ყველაფერი შეამოწმეს," - აღნიშნა აგარაკის მეპატრონემ.
საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულია 50-ზე მეტი პირი, 10-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ამ დრომდე ბრალდებული არ ჰყავს.
რაც შეეხება გარდაცვლილს, მას დღეს დაკრძალავენ.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილს აქვს მრავლობითი მოტეხილობები, დაზიანებული აქვს თავის ქალა და ყური. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ დაზიანებები სიცოცხლეშია მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ. საქმეზე მოწმეების გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება.
მომხდართან დაკავშირებით, თითქმის ყოველდღიურად ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. საქმე ამ დრომდე ბუნდოვანია.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.