დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. პოსტისთვის 2 მოსამართლე - მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი იბრძვიან.
სასამართლოს პლენუმი სამ საათში შეიკრიბება და კანდიდატთა მოსმენის შემდეგ თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით აირჩევს.
მერაბ ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი - ოთხმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სულ ცხრა მოსამართლისგან შედგება, თავმჯდომარე კი ის გახდება, რომელიც პლენუმის შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ ხუთი მოსამართლის მხარდაჭერას მოიპოვებს. რეგლამენტით საკუთარ თავს ხმას თავად კანდიდატებიც აძლევენ.
პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. მისი განცხადებით, მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა ხელისუფლების ინტერესების გატარებას ნიშნავს.
"საკონსტიტუციო სასამართლო ემზადება, რომ აირჩიოს თავმჯდომარე, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ იქნება მერაბ ტურავა. მისი ამ თანამდებობაზე არჩევა არ ხდება იმიტომ, რომ ის არის პროფესიონალი და კომპეტენტური იურისტი. ერთადერთი ნიშანი, რითაც ის გამოარჩია "ქართულმა ოცნებამ", ეს არის მისი უპირობო ერთგულება და ტურავა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე მოაწერს ხელს. ეს არის "ოცნების" პოლიტიკის გაგრძელება, რომ მიითვისოს და გააკონტროლოს ხელისუფლების ყველა შტო,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს ვერც ერთი კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი არჩევნები, რეგლამენტის მიხედვით, ერთ თვეში გაიმართება.