პარლამენტმა 77 ხმით მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და პაკეტის თანმდევი პროექტები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა წარადგინა.
ეს ნიშნავს, რომ მოძალადეს კიდურზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება, მოწყობილობა მსხვერპლსაც გადაეცემა. ელექტრონული სამაჯურისა და მიმღების ტარების ვალდებულება მოძალადეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაეკისრება. სისტემის კონტროლს კი 112-ში არსებული სპეციალური დეპარტამენტი განახორციელებს. ელექტრო სამაჯურის მოხსნის შემთხვევაში მოძალადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება მოუწევს.
ოფიციალური სტატისტიკით 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გასცეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება. 2018-19 წლებში ძალადობის შედეგად 14 ქალი გარდაიცვალა. 2020 წელს კი გარდაცვალების მაჩვენებელი ამ დრომდე რვას უდრის. ქალზე სასტიკი თავდასხმის ბოლო ფაქტი ხაშურში მოხდა, სადაც პოლიციამ ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავა.