ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ, რომელიც იმ მორაგბეების უფლებადამცველია, რომლებიც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ, "დღის კურიერის" ეთერში საქმის შესახებ ისაუბრა.
ადვოკატი ადასტურებს, რომ საქმეში ბლაგვი საგანი ფიგურირებს, თუმცა საქმის ამ ნაწილის კავშირს თავისი დაცვის ქვეშ მყოფებთან კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში ფიგურირებს სხვა პირებიც, რომელთაც, შესაძლოა, კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ. ალექსანდრე კობაიძემ მათი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
"ვერსია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჩვენთან არავითარ შემხებლობაში არ არის. ის პირები არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლებელია გონივრული ეჭვი არსებობდეს რომ ამ კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობა. მათი გვარების გაჟღერების უფლება არ მაქვს, რადგან მე არ ვარ საგამოძიებო ორგანოების ოფიციალური წარმომადგენლები რომ გვარებზე დავიწყო საუბარი.
ვადასტურებ, რომ ბლაგვი საგანი ნამდვილად არის ნანახი აღნიშნულ საქმეში, სხვადასხვა მოწმეები ნამდვილად ადასტურებენ, რომ ბლაგვი საგანი იქნა გამოყენებული, მაგრამ ვის მიმართ, ვისი მხრიდან - ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ არ ვცდები, დაზიანებებით საავადმყოფოში იმ ღამით ერთი ადამიანი მოხვდა, თუმცა, ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია კარგი იქნება რომ გაავრცელონ, მაგრამ ჯერ არ ვრცელდება,"-განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ იყვნენ აგრესიულები და ეს მოწმის, გურამ ალიხანაშვილის ჩვენების შედეგადაც დასტურდება. მისივე თქმით, არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. ადვოკატის მტკიცებით, ამ ჩანაწერებითაც დასტურდება მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.