Covid-19-ის ვაქცინა ხანდაზმულებისთვის, რომლებიც ვირუსით ინფიცირების რისკჯგუფში შედიან, შესაძლოა ეფექტური არ აღმოჩნდეს, რადგან ჯანმრთელი ასაკოვანი ადამიანების შემთხვევაშიც კი კოვიდინფექციის დროს მწვავე ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.
მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი ვაქცინის დანამატზე მუშაობს, რომ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა მოხდეს და მათი იმუნიტეტი გაძლიერდეს. საქართველოში კი დამატებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ვაქცინის მიზნობრიობას დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად არის მათ გარშემო მყოფი ადამიანების იმუნიტეტის გაძლიერება. მაგალითად, თუ ბავშვებს და მოზრდილებს ვაქცინა გაუკეთდებათ, მათი ოჯახის ხანდაზმული წევრებიც გარკვეულწილად დაცულები იქნებიან.
ხანდაზმული ადამიანების შემთხვევაში, ვაქცინის პარალელურად, სპეციალისტები ასევე სხვა პრეპარატის გამოყენების საჭიროებაზე საუბრობენ. მაგალითად, ისეთი მედიკამენტის, როგორიც "დექსამეტაზონია", რომელსაც ვირუსისგან გამოწვეული ანთების დაბლოკვა შეუძლია. საქართველოს კოვიდმიმღები კლინიკები ჰორმონის შემცველ მედიკამენტს მძიმე პაციენტების შემთხევაში ისედაც იყენებდნენ, თუმცა პროტოკოლში "დექსამეტაზონი" გაწერილი არ არის.
კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონს" ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ყოველი მესამე, ხოლო ჟანგბადზე მყოფი ყოველი მეხუთე პაციენტის გადარჩენა შეუძლია. პრეპარატი მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდაა ეფექტური, რომლებიც საავადმყოფოში სასუნთქ აპარატზე ან ჟანგბადზე არიან მიერთებული. ვისაც ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვთ, მათთვის პრეპარატი ეფექტური არ არის.
ჯერჯერობით უცნობია, იმუნური რეაგირების რა დონე დასჭირდება ადამიანს კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ვაქცინის ეფექტურობის კვლევა მიმდინარეობს. 100-ზე მეტმა ჯგუფმა შექმნა ვაქცინა და აქედან 11 ცდის პროცესშია.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ვირუსის მეორე ტალღისთვის მოემზადონ, სოციალური პასუხიმგებლობა და რეგულაციების დაცვა გააგრძელონ.