19 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
გულგრილობის გამო პედაგოგებისთვის წარდგენილი ბრალი - სკოლა "ალბიონის" ადმინისტრაცია კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს

სკოლა "ალბიონის" ადმინისტრაცია, რომლის 2 პედაგოგსაც 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა, რაიმე კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგების გამოკითხვა გამოძიების პირველ ეტაპზე მოხდა.

როგორც ცნობილია, ბრალი წარდგენილი აქვთ სპორტის პედაგოგს და კლასის დამრიგებელს.

"ეს არ არის სასწავლო პროცესის დროს მომხდარი შემთხვევა, რასაკვირველია, მე მორალურ პასუხისმგებლობაზე არ ვლაპარაკობ. იქ რა მოხდა, ამაზე მე პასუხი არ მაქვს და არ აქვს არც სკოლის ადმინისტრაციას და არც რომელიმე თანამშრომელს," - აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

რაც შეეხება სკოლა "ალბიონის" დირექტორს, ალექსანდრე ჯავახიშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"ძალიან გთხოვთ, მაგის ნერვები არ მაქვს "- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილი 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის  ჩანჩქერზე სასკოლო ექსკურსიისას დაიღუპა. ნიკოლეიშვილის ოჯახი პასუხისმგებლობას სკოლის ადმინისტრაციას აკისრებდა. პროკურატურის გადაწყვეტილების შემდეგ სოფიო ნიკოლეიშვილის ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები