გიორგი რურუას საქმის ფარგლებში პოლიციის სამი თანამშრომელი დაკითხეს. მოწმეებიდან ერთ-ერთი დავით დვალიშვილია, რომელიც რურუას დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარემ განმარტა, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და მოწმეებმა ურთიერთგამომრიცხავ დეტალებზე ისაუბრეს, რაც, მათივე შეფასებით, საქმის გაყალბებაზე მეტყველებს.
"ყველა მოწმე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევს, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში და პოლიციის თანამშრომლები არიან, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გაყალბებულია. რაც შეეხება კითხვას ბოლო მოწმესთან დაკავშირებით, ბატონი დვალიშვილი გახლავთ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციაში, სადაც ბატონი რურუას დაკავება მოხდა, ჩვენ მიერ დასმული იქნა ბატონ დვალიშვილზე კითხვები მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი ბატონ მეგის ქარდავასთან ერთად. იმ გარემოებებზე, როგორ მოხდა დაკავება, მაგრამ 80% მოწმეს არაფერი არ ახსოვდა, ისევე როგორც დანარჩენ პოლიციელებს არაფერი არ ახსოვთ, როდის, სად მივიდნენ, რამდენი ხანი გაჩერდნენ, რაც ოპერატიულ თანამშრომლებს და ვინც დაკავებაში მონაწილეობდა, ბუნებრივია უნდა ახსოვდეს," – აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი ლევან სამუშია.
საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე საუბრობს, რომ დავით დვალიშვილს რაიმე განსხვავებული ჩვენება არ მიუცია და სხვა პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენებები დაადასტურა.
"დღეს დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე. სამივე წარმოადგენდა პოლიციის თანამშრომელს. ერთ-ერთი პირი ესწრებოდა უშუალოდ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკის და დაკავების ღონისძიებას. ამ მოწმემ რაიმე არსებითი, ან განსხვავებული ჩვენება არ მოგვცა, უბრალოდ ის ჩვენება დაადასტურა, რაც მანამდე პოლიციის თანამშრომლებმა. ანალოგიურ გარემოებებზე ისაუბრა დავით დვალიშვილმაც, შესაბამისად, მოგვახსენა თუ რა ვითარებაში და როგორ მიმდინარეობდა პირადი ჩხრეკა და სად მიმდინარეობდა," - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.