გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმაურებიან, სადაც შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ არ გამორიცხა, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.
უფლებადამცველები ჩვენებებში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთმანეთს ბევრი ჩვენებაა აცდენილი, რაც ეჭვებს აჩენს:
"ბევრი ჩვენება არის აცდენილი ერთმანეთთან და შესაბამისად, ბევრი ეჭვიც ჩნდება ამ საქმესთან დაკავშირებით და ალბათ, უფრო მთავარი იქნება ის, თუ მოწმეები სასამართლოზე რა ჩვენებას მისცემენ და რამდენად დაემთხვევა ეს ჩვენებები ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სინამდვილეში მოხდა იმ ადგილზე. გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს დამძიმების ან შემცირების კუთხით.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით ნამდვილად მეეჭვება რომ რაიმე სახის დამძიმება მოხდეს," - აცხადებს ადვოკატი როსტომ კერესელიძე.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის მიერ ჩვენების შეცვლასაც გამოეხმაურა. უფლებადამცველის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კიდევ ბევრი ადამიანი შეცვლის ჩვენებას:
"კონკრეტულად არ იყო ხაზი გასმული ვის ან რას შეიძლება შეეხოს. თუმცა შემიძლია ხაზგასმით ვთქვა ის, რომ როგორც იქნა შსს-მ მეტი ყურადღება გამოიჩინა ამ საქმის მიმართ. ცალსახად ვთქვი რომ ეს ადამიანი ამ ჩვენებას შეცვლის. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო,სადაც ის უთითებდა რომ იმალებოდა იქიდან დაენახა სად წავიდა შაქარაშვილი და ვინ მისდევდა, ან რაიმე ხილვადობა ჰქონოდა. მე არა მარტო მისი ჩვენების, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის ჩვენების შეცვლას ველი. დღემდე მწამს და მჯერა, რომ ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან, ვიდრე გამოძიებამ," - აცხადებს გიორგი ყიფშიძე.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.19 წლის ფეხბურთელი ბოლოს მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების გარემოებები კვლავ დაუდგენელია, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.