ქობულეთში, სტატისტიკის ყოფილ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები ქობულეთის მერიის შენობაში შეიჭრნენ და მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განცხადებით, შენობა, სადაც წლებია ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონის წესით გაიყიდა. ახალი მფლობელი საკრებულოს წევრი მალხაზ რომანაძეა, რომელიც არჩევნების შემდეგ მათ ქუჩაში გაყრით ემუქრება.
მოქალაქეებს მერის მოადგილეები შეხვდნენ და მათ სამუშაო ჯგუფის ფორმატში პრობლემაზე მშვიდად საუბარი შესთავაზეს, თუმცა სოციალურად დაუცველები მიიჩნევენ, რომ ამით მათი მოტყუება სურთ და ცენტრალური ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან.
ადგილზე არიან ასევე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.