09 სექტემბერი 2026,   03:29
ვრცლად
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო დაუდგენელია, მიმდინარეობს ეპიდკვლევა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი ინფიცირებულიდან 3 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 კი იმპორტირებული, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 2 მათგანის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

"საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად ამ დროისთვის 1018-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი, სულ კი მათი რიცხვი 895-ს შეადგენს. 

რაც შეეხება 8 ახალ შემთხვევას, 3 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 იმპორტირებული, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 2 მათგანის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მათი ცენტრის მონაცემებზეც ისაუბრა. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ცენტრიდან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი დადასტურებული შემთხვევა კი შეემატათ.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 19 დადასტურებული შემთხვევაა. მისივე თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია. 

დღის ამბები