18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია - თენგიზ ცერცვაძე

მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ფრენების გახსნის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო უცხოელ ტურისტებს კი არა - აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

საზოგადოების ნაწილმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად აღიქვა, რადგან იმ თვითმფრინავში, რომელიც ერთი მიმართულებით გამოემგზავრება, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელი ტურისტები - ერთად იქნებიან. 

საკითხზე, რომელიც განსჯის საგანი არაერთხელ გახდა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, გურამ როგავას "შაბათის რუბრიკაში" ისაუბრა. 

"მე ამ საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი, ეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო მთავრობისათვის. თუმცა ვიტყოდი, რომ როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია. 

წარმოიდგინეთ, ჩამოდის ერთი თვითმფრინავით ქართველი და ფრანგი საქართველოში, თუ ქართველები არ გაივლიან კარანტინს, მეტი შანსი აქვს უფრო ფართო სოციალური კავშირი ჰქონდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვიდრე ჩამოსულ ტურისტს,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

კითხვაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ ვირუსთან ბრძოლის დასრულებას, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ არ არის მოსალოდნელი ეს პანდემია ბუნებრივად დასრულდეს. 

"არ ველოდები, რომ ეს პანდემია ბუნებრივად დასრულდება უახლოეს თვეებში, თუ მას მივუშვებთ პანდემია 1 წელი მაინც გაგრძელდება. მაგრამ იმედი მაქვს რომ ეფექტური ვაქცინა შეიქმნება რამდენიმე თვეში და თუ ის ეფექტური იყო ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავს. ისე კი, პანდემიებს თავიანთი შიდა კანონზომიერება აქვთ და ისინი უსასრულოდ არ გრძელდებიან," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები