შეცვლის თუ არა სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას - დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მეორე ინსტანციის სასამართლომ დღეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გამამართლებელი არ იქნება, ადვოკატი სამართლებრივ დავას ზემო ინსტანციებში განაგრძობს.
მიხეილ კალანდიას საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
"ჩვენი სააპელაციო საჩივარი მდგომარეობს იმაში, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. იგი ემყარება მხოლოდ და მხოლოდ 2 მოწმის ჩვენებას. ეს მოწმე გახლავთ გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე, რომლებმაც ეს ჩვენებები მისცეს სასამართლოს და სანაცვლოდ მიიღეს საპროცესო შეთანხმებები.
დიდი მოლოდინები არ გვაქვს, რამეთუ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოახდინა ზეგავლენა პირველი ინსტანციის სასამართლოში, იგივეს გაიმეორებს სააპელაციო სტადიაზე. ჩვენ ფორმალურად უნდა გავიაროთ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებები, გავიაროთ საკასაციო ინსტანცია და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ შინა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.