მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლეთა გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა იყო.
"მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ შეასრულეს პოლიტიკური დაკვეთა მიხეილ კალანდიას მიმართ, რადგან, არსებულ ხელისუფლებას აღნიშნული განაჩენით გარანტირებული აქვს სიმშვიდე, აქციების შეწყვეტა, მიცემული სიტყვა ზაზა სარალიძისადმი და შოთაძის ხელახლა გენერალურ პროკურორად მოვლენა," - აღნიშნავს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.
საქმის პროკურორის განცხადებით კი, მოსამართლემ არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
"გაუგებარია, რა სახის შეთანხმებაზე საუბრობს დაცვის მხარე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორედ ამის საფუძველზე, ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო,"- აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.