საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ბუტა რობაქიძის ეპიზოდს ეხება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი ნოემბერში წაუყენეს. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
სასამართლო პროცესის განახლება ოპოზიციამ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. განცხადებები გაკეთდა 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზეც. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან სანქციები გარდაუვალი იქნება.
"როგორც ამერიკის, ისე ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ შეწყვეტილიყო პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები და არა თუ ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების მისჯა, არამედ რურუას გათავისუფლებას ველოდებით. თუ ამ მიმართულებით გადადგა ივანიშვილმა ნაბიჯი, პირდაპირ იქნება გამოყენებული მის მიმართ პერსონალური სანქციები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აწყობს, პოლიტიკური მოტივით ვინმე დააკავოს.
"პოლიტიკურად ნამდვილად არ გვაწყობს, რომ ვინმე დაიჭირონ. პოლიტიკურად უფრო მომგებიანი არ არის, რომ ადამიანები არ იყვნენ დასჯილები და ყველა, ვინც იცის, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ბოროტების ჩამდენები, ესენი დღეს იყვნენ პოლიტიკური ლიდერები და პრეტენზიები ჰქონდეთ კიდე, რომ რაღაც თანამდებობები დაიკავონ. თუ კარებიდან ვერ შემოვარდა ძალის გამოყენებით პარლამენტში, არჩეულ იქნენ კიდე," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.