საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმის ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ინციდენტის მონაწილე პირები რაღაცის "გადაგდებაზე" საუბრობდნენ, თუმცა მოწმე მათ ვინაობას კონკრეტულად ვერ ასახელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობს.
"როდესაც მე მათ გვერდით გავიარე, ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო. პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა "ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო." მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია,"-ნათქვამია ჩვენებაში
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.