თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცალსახად გოგონას საქმიანობას უკავშირებს. დაკრძალვის შემდეგ გარდაცვლილის დედამ დღეს მედიასთან პირველად ისაუბრა. მან როგორც საკუთარი ვერსიის არგუმენტები, ასევე - რამდენიმე გარემოება დაასახელა, რაც ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ეპიზოდს უკავშირდება.
დედის მსგავსად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას გოგონას საქმიანობას უკავშირებს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძაც. კობა თამაზაშვილი სხვა ვერსიების გამოსარიცხად ამბობს, რომ როგორც ოჯახში, ასევე - პირად ცხოვრებაში გოგონას სირთულეები არ ჰქონია.
გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს კომპანია "ზეგ"-ის ყველა თანამშრომელი, თუმცა, ამ დრომდე არ არის შესწავლილი ოფისიდან ამოღებული კომპიუტერები, მათ შორის - თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი და მისი მობილური ტელეფონი. ამის შესახებ "კურიერს" დღეს ინფორმაცია კომპანიის ადვოკატმა მიაწოდა. ამასთან, ქეთი მირიანაშვილი ირწმუნება, რომ მისი ხელმძღვანელების მიზანი გამოძიების ობიექტურად და სწრაფად წარმართვაა, რადგან არსებული ეჭვების ფონზე მათი რეპუტაცია ზიანდება.
ტელეფონსა და კომპიუტერებში არსებული ინფორმაციის გარდა სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს. ეს, პირველ რიგში, სამძებრო სამუშაოებს და საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. რაც შეეხება გარდაცვალების წინაპირობებს, მიხეილ რამიშვილი დეტალებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ამბობს, რომ ახლა ვერსიების გაცხრილვის ეტაპზეა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები და ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ დასახელებულა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის დადგენას მხარეები ინტერესით ელოდებიან, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებია. როდის, რა გარემოებებში და რა კონკრეტული მიზეზით გარდაიცვალა 23 წლის პროგრამისტი - დასკვნა, რომელმაც ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.