19 აპრილი 2024,   12:02
ვრცლად
COVID-19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ესპანეთში - ევროპა პანდემიის მეორე ტალღის ასაცილებლად პრევენციულ ზომებს ატარებს

ევროპა პანდემიის მეორე ტალღის ასაცილებლად პრევენციულ ზომებს ატარებს. განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ესპანეთის კატალონიის რეგიონშია, სადაც ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი - 1500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში, სადაც კარანტინი მოქმედებს, აიკრძალა 10 კაცის შეკრება, დაიხურა გასართობი ცენტრები. შეზღუდვები დაწესდა ბარსელონას პლაჟებზეც. მზარდი სტატისტიკის გამო დიდმა ბრიტანეთის მთვარობამ ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და ბრიტანელებს იქ გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.

დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ესპანეთში მოგზაურობის საფრთხეზე საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა საფრანგეთის მთავრობამაც. ესპანეთიდან ჩასულ პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლას მოსთხოვს ნორვეგიის მთავრობა.

გერმანიაში კი, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 305 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამსვლელი მოქალაქეების COVID-19-ზე ტესტირება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. მკაცრი ზომების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბავარიის ერთ ერთ ფერმაში ვირუსი 174 თანამშრომელს დაუდგინდა, რის შემდეგაც ობიექტი კარანტინში მოექცა.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. აშშ-ში ბოლო 24 საათში ვირუსი თითქმის 70 ათასს ადამიანს დაუდგინდა, ბრაზილიაში კი ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი 87 ათასამდე გაიზარდა.

კორონავირუსთან უკვე ხელმეორედ გამკლავება უწევს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც პანდემიის პირველწყარო იყო. მხოლოდ იაპონიაში ერთ დღეში 830 შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკა მზარდია ჩინეთსა და სამხრეთ კორეაშიც. ჩრდილოეთ კორეაში კი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო კიმ ჩენ ინმა სასაზღვრო ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულმა სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საზღვარი 19 ივლისს უკანონოდ გადაკვეთა.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ავსტრალიაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი 459 ადამიანს დაუდგინდა. ყველაზე მეტად პანდემიამ ვიქტორიას შტატი დააზარალა, ადგილობრივი მთავრობა ჯანდაცვის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობას სხვადასხვა სანქციებით დაემუქრა .

პანდემიის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარების გამო ისრაელის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლებია. დემონსტრანტებმა პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 60 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში ვირუსი თითქმის ათასამდე ადამიანს, აზერბაიჯანში კი 321-ს დაუდასტურდა. ეს მონაცემი უკრაინაში ათასს, სომხეთში კი 383-ს შეადგენს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 6 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღის ამბები