გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გვიან ღამემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მეგობარი დაჩი ბუაძე და მორაგბე არჩილ გაგნიძის მეგობარი საბა ჭანკოტაძე იკითხებოდნენ.
დაჩი ბუაძემ დაკითხვის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და საქმესთან კავშირი უარყო. საბა ჭანკოტაძემ კი საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.
დაჩი ბუაძის ადვოკატის თენგიზ სუპატაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაუსვეს კითხვა, თუ სად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს.
"დაჩი ბუაძე აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის. კითხვა იყო - სად იყო, მეტი არაფერი. დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი არის "მთავარი არხის" და "ფორმულას" მიერ აგორებული, რომ იგი აპირებდა დამალვას და ასე შემდეგ. დაკავებული არ ყოფილა. ჩვეულებრივად მივიდნენ საცხოვრებელ სახლში და სთხოვეს მას წამოსულიყო ჩვენების მისაცემად,"- განაცხადა ადვოკატმა.
საბა ჭანკოტაძის ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით კი, დაილუქა ჭანკოტაძის მობილური ტელეფონი და ასევე აღებულ იქნა მისი ბიოლოგიური მასალა.
"მას არანაირი კავშირი ამ კონკრეტულ ქმედებასთან, ჩხუბთან და დაბადების დღესთან არ ჰქონია. უბრალოდ, დაკავებულები არიან მისი ბავშვობის მეგობრები და აქედან გამომდინარე იყო გარკვეული კითხვები, იყო თუ არა ზარი განხორციელებული მის ტელეფონზე. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა დაკავებული პირებიდან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საქმეზე საერთოდ საუბარიც კი არ ჰქონიათ. ამოიღეს ტელეფონი, რომელიც დაილუქა და ასევე აღებულ იქნა ბიოლოგიური მასალა შემდგომი ექსპერტიზისთვის,"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.