კიდევ ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდას საქმე - ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა ომბუსმენის აპარატში, რომელშიც მონაწილეობენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები. სახალხო დამცველთან შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სპეციალისტებმა გააკეთეს განცხადება, რომ მიმდინარეობს მათზე ზეწოლა. ეს კი მათივე შეფასებით სავარაუდოდ უკავშირდება უკმაყოფილებას საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობაზე.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს, ამ შეხვედრას ესწრებიან მიხეილ რამიშვილი, მარიამ ჯიშკარიანი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
ისინი აპირებენ, რომ სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.
"გვექნება საუბარი თავდასხმებზე, ზეწოლებზე და საერთოდ საქმის შინაარსთან დაკავშირებით ყველაფერზე გვექნება საუბარი. საქმის კურსში ჩავაყენებთ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობს საზოგადოებაში, რაც არსებობს ჩემთვის, ქალბატონ მარიამისთვის აი ამ საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებით," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ რამიშვილმა და მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადეს, მას მერე, რაც მათ თამარ ბაჩალიაშვილის საქმით დაინტერესება დაიწყეს მათ მიმართ ზეწოლა განხორციელდა.
"სახალხო დამცველს მივაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზეწოლები მიმდინარეობს ჩვენს ექსპერტზე, ასევე ჩემზე პირადად და ცენტრ "ემპათიას" თანამშრომლებს უთვალთვალებენ, ჩვენი ბენეფიციარის დაშანტაჟება ხდებოდა," - განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.
ავტორი: სალომე უერთაშვილი