19 ოქტომბერი 2021,   03:42
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატები სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ - საუბრის თემა ბოლო დროს მათზე განხორციელებული ზეწოლა იყო

თითქმის 1-საათიანი შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში - ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელთან და საქმეზე დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდა. აუდიენციის მთავარი თემა ბოლო დროს მათზე განხორციელებული ზეწოლა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ჯიშკარიანმა თქვა, რომ სახალხო დამცველის აპარატთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

თავის მხრივ, ლომჯარიას მოადგილე, დაზარალებულის მხარეს კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაჰპირდა. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ადვოკატის და "ემპათიის" პრობლემების გარდა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმითაც დაინტერესდება.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი ცხედრის პოვნიდან დღემდე მხოლოდ ერთი შედეგია ცნობილი, რომ ახალგაზრდა ქალის პირადი კომპიუტერი გაიხსნა, თუმცა მასში შენახული ფაილების შინაარსის გაცნობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ მხოლოდ კომპიუტერში არსებული მასალების კლონირება მოხდა და ახლა სპეციალისტები მის გაშიფვრას დაიწყებენ.

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად, ოჯახი ელოდება, როდის დაათვალიერებენ ექსპერტები იმ ავტომობილს, რომელსაც ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მართავდა. ამ შემთხვევაშიც, მათი მთავარი მოთხოვნა ლუქის გახსნაა და ის, რომ დათვალიერება ადვოკატის თანდასწრებით მოხდეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აგრძელებს. უახლოეს დღეებში ოჯახი დეპარტამენტის ხელმძღვანელ მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გეგმავს. სწორედ ამ შეხვედრაზე დასვამს ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ შეკითხვას - რატომ დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნა დაგვიანებით.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. პოლიცია 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 5 დღე ეძებდა. ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები