09 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთაში - ადვოკატები პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 მოზარდის დანაშაულის შესწავლა პროკურატურამ დაასრულა. არასრულწლოვნებს ამ ეტაპზე ედავებიან ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. 37 დღიანი გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებებით, პროკურატურამ საქმე უკვე სასამართლოში წაიღო. არასრულწლოვნები მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე მიიყვანეს და პროცესი ამ წუთებში იწყება. დღესვე, ადვოკატები აპირებენ აღკვეთის ღონისძიების ფორმის გადასინჯვის შუამდგომლობა დააყენონ, მათი თქმით, ისინი სასამართლოს 3000 ლარამდე გირაოს შესთავაზებენ.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის მტკიცებულებების დაუშვებლობა, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და დევნის შეწყვეტა, ბუნებრივია სამივე საკითხზე გვაქვს შუამდგომლობები. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს ლ.შ-ს ბრალად ედება სისხლის სამართლის საქმის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რომელსაც არ აღიარებს დევნის დაწყების დღიდან. ალტერნატივის სახით შეიძლება დავაყენოთ გირაო, ალბათ 3000 ლარი ან ნაკლები," - აცხადებს არასრულწლოვანი ლ.შ-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს, თუმცა მათი მხრიდან ეს შუამდგომლობა მაინც იქნება დაყენებული.

"გვექნება არაერთი სახის შუამდგომლობა, გარკვეული სახის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ასევე სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს მინიმალური ოდენობით და შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ შეიცვლება ეს აღკვეთის ღონისძიება, არ გვაქვს ნამდვილად," - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

არასრულწლოვან ნ.ც-ს უფლებადამცველი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ მთავარი აქცენტი უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გაკეთდება:

"ჩვენ გვექნება რამდენიმე სახის შუამდგომლობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უპირველესი იქნება აღკვეთის ღონისძიების შეცვლა რადგან გაუმართლებელია არასრულწლოვნის პატიმრობაში ყოფნა. მთავარი აქცენტი ჩვენ გვექნება გაკეთებული უკიდურესად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ გვექნება სხვა სახის შუამდგომლობები მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რაზეც ყურადღებას უშუალოს სასამართლო დარბაზში გავამახვილებთ," - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ექვსივე არასრულწლოვნის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ადგილზე მისულია ერთ-ერთ არასრულწლოვნის მამა, რომელსაც მაისურზე დატანილი აქვს შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ფოტო წარწერით "მაგ სიმართლით იარე".

სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

დღის ამბები