09 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო - სხდომა რამდენიმე წუთით შეფერხდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა უკვე 3 საათია მიმდინარეობს.  დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ. იმის გამო, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან პროცესი დახურულია. მათ ედავებიან ძალადობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ასევე მასში მონაწილეობას. დანაშაულს არცერთი აღიარებს. სხდომა რამდენიმე წუთით შეფერხდა და ის ცოტა ხნის წინ განახლდა. მიზეზი ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს კანონიერი წარმომადგენლის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება გახდა და ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც მანდატურთან. სხდომა კვლავ მიმდინარეობს და მის ნაცვლად არასრულწლოვნების წინასასამართლო სხდომას ზ.ხ-ს პაპა ესწრება.

სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

დღის ამბები