09 სექტემბერი 2026,   02:12
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო - ადგილზე ე.წ. კიბის ეპიზოდში მონაწილე ნ.ხ-ც იმყოფებოდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა უკვე 3 საათია მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ.

სასამართლოზე ასევე იმყოფებოდა არასრულწლოვანი ნ.ხ, რომელიც ე.წ. კიბის ეპიზოდში მონაწილეობდა. ჩვენებების მიხედვით ის ვახო ჩიქოვანთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად აგარაკზე მივიდა, სადაც ანი გაბეჩავას დაბადების დღის წვეულება იმართებოდა. სწორედ მათი მისვლის შემდეგ დაიწყო ადგილზე დაპირისპირება და ნ.ხ-ს მიაყენეს თავის არეში დაზიანება, რის გამოც მას ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ამ დაპირისპირების შემდეგ ნ.ხ  ვახო ჩიქოვანთან ერთად ტოვებს ტერიტორიას.

ნ.ხ საგამოძიებო უწყებაში სამჯერ იყო მისული, ბოლო ჩვენება განსხვავდება პირველი ჩვენებისგან, ირკვევა რომ ის მალავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ რატი ტუსიაშვილს ეკონტაქტა და სწორედ მასთან ერთად დაბრუნდა მცხეთაში, თუმცა ჩვენებების მიხედვით ისინი ვერ მივიდნენ დანიშნულების ადგილზე და ჩავიდნენ საგურამოში. ამ დროის განმავლობაში ინციდენტი ამოიწურა და ისინი კვლავ თბილისში ბრუნდებიან.

ჩვენებების მიხედვით ნ.ხ-ს ჰქონდა მიმოწერები მეგობრებთან, ის ახსენებდა დაპირისპირებულ მხარეებს და იმუქრებოდა, მაგრამ მისი ჩვენების მიხედვით, ის ვერ იხსენებს ვის გულისხმობდა ამ მიმოწერებში და ვის ესაუბრებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლოში მისულ ნ.ხ-სთან ჟურნალისტებმა გასაუბრება სცადეს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სასამართლო დღეს 3 ეპიზოდის მონაწილე პირებზე იმსჯელებს. ესენი არიან არასრულწლოვნები მერსედესის ავტომობილიდან, ასევე "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის 2 მგზავრი, რომლებსაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან და არაა გამორიცხული, რომ მომავალში მათ ბრალი განზრახ მკვლელობისთვისაც წარედგინოთ. ასევე, სასამართლო იმსჯელებს იმ არასრულწლოვნებზეც, რომელიც 18 ივნისის ღამეს ექვსეულის (გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე (ფოტოგრაფი), კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი) და გიორგი ქათამაძე) ახლოს გადაადგილდებოდნენ და დაუკავშირდნენ მერსედესის მგზავრებს და მათი ადგილმდებარეობა აცნობეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.

დღის ამბები