გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
ზაქარია გვიშიანის თქმით, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას მოითხოვს, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ასევე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.
"საწყის ეტაპზე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე, გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლე, რომელიც ახლა იხილავს საქმეს, მონაწილეობდა პირველ წარდგენაზე. მან შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და დანარჩენებს. ბუნებრივია მას ნამსჯელი ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე, გამოხატული ჰქონდა აზრი და ვფიქრობთ, რომ არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. ეს იყო საფუძველი ჩვენი შუამდგომლობის, სამწუხაროდ არ იქნა დაკმაყოფილებული, რადგანაც თვითონვე განიხილა. ამის შემდეგ წარდგენილი იქნა შუამდგომლობები და ამ ეტაპზე იხილება შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის თაობაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად უნდა არსებობდეს ახალი გარემოება. ახალი გარემოება ამ ეტაპზე არის ის, რომ დასრულებულია გამოძიება და შესრულებულია ყველა საპროცესო თუ საგამოძიებო მოქმედება, რაზეც მიუთითებდა და აპელირებდა ბრალდების მხარე შუამდგომლობაში პირველი წარდგენის დროს და რაც მიუთითა განჩინებაში სასამართლომ, ეს არის ახალი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რომელიც ბუნებრივია ქმნის წინაპირობას და საფუძველს იმისათვის, რომ შეიცვალოს შერჩეული ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება არასრულწლოვნის მიმართ," - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ.შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანი.