19 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ახალქალაქში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა

ახალქალაქში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შეყვანიდან მალევე დაიღუპა. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათთან კიდევ ერთი დაზარალებული იყო შეყვანილი, ახალგაზრდას მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

"მორიგე ექიმის მიერ დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო, დაჭრის ადგილზე გარდაიცვალა. დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ იყო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი გულის არეში და ასევე მარცხენა თითის არეში," - განაცხადა ექიმმა.

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების და მკვლელობის შემდეგ, ამ წუთებში ქალაქში ვითარება სტაბილურია. ქუჩაზე სადაც არეულობა მოხდა, აღარ დგანან სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ძალები. ახალქალაქში ჩასულია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.

ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დაკავებულია ერთი პირი, რომელიც 27 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და იარაღის ტარებაშია ბრალდებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის საქმეზე კი გამოძიება გრძელდება.

მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დააზიანა. დაპირისპირება პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

დღის ამბები