19 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, სამი წელია კონფლიქტი გრძელდება - დარბევის შედეგად დაზარალებულების პირველი კომენტარი

სისხლიანი დაპირისპირებიდან და მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, ახალქალაქში დღეს სიმშვიდეა.

"კურიერთან" პირველი განცხადება გააკეთეს იმ პირებმა, რომელთა ქონებაც დარბევის დროს დაზიანდა. ახალქალაქში მოკლული ახალგაზრდის თანასოფლელები სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახლებს დაესხნენ თავს. როგორც თავდასხმის შედეგად დაზარალებული "კურიერთან" აცხადებს, მას ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა, ამიტომ ოჯახის წევრები სახლიდან გაიყვანა. ახლა მათი მთავარი მოთხოვნა ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა. 

"მანქანებით მოვიდნენ ბიჭები და გამაფრთხილეს, შენი სახლის დასაწვავად მოდიანო. ოჯახის გაყვანა მოვასწარი, მეც მეზობელთან გავედი და მალევე ყვირილით მოვარდნენ, ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 წელი ვაგროვებდი და აღარაფერი დარჩა,"- აცხადებს "კურიერთან" ერთ-ერთი დაზარალებული.

"ეს ამბავი ასე არ დამთავრდება, სამი წელია კონფლიქტი გრძელდება, სამას კაცამდე იყვნენ, უნდა დაისაჯოს ყველა. ჩემი შვილი შემთხვევით შეესწრო ამბავს, წაქცეული დაინახა, ის წამოაყენა, ამის გამო მოგვივარდნენ და დაგვარბიეს," - უთხრა "კურიერს" კიდევ ერთმა დაზარალებულმა. 

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები