09 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
სასამართლო გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასამართლო გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვას იწყებს. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობების ნაწილი დაუშვებლად ცნო. ასევე, სასამართლომ უარი უთხრა ადვოკატებს მათ იმ შუამდგომლობაზე, რომელიც ბრალდებული პირებისთვის დევნის შეწყვეტას ეხებოდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.

"ეს არის, უკვე, მთავარი სხდომა, სადაც შესავალ სიტყვებს წარმოადგენს ბრალდების მხარე, ასევე წარმოვადგენთ დაცვის მხარის თითოეული ადვოკატი და ამით, სავარაუდოდ, დასრულდება სასამართლო სხდომა. არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა გიორგი მერაბაშვილის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ეს დადასტურდება სასამართლოს სხდომაზე და ვეცდებით, რომ დავამტკიცოთ გიორგი მერაბაშვილის უდანაშაულობა," – აცხადებს გიორგი მერაბაშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.

როგორც არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი აცხადებს, მხარეების შესავალი სიტყვების შემდეგ იქნება მტკიცებულებების გამოკვლევა. მხარეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებები სადაო გახადეს.

"პირველ რიგში, იქნება შესავალი სიტყვები მხარეების, ამის შემდეგ მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. მხარეებმა გავხადეთ სადაო წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესაბამისად ყველა სადაო მტკიცებულება უნდა იქნეს გამოკვლეული. რიგითობით დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. მოგეხსენებათ, რომ არის ათეულობით მოწმე, არის წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეო ჩანაწერები, საკმაოდ მოცულობითია საქმე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გრძნობს თავს დამნაშავედ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე საბოლოო ჯამში დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა," - აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

დღის ამბები