09 სექტემბერი 2026,   05:23
ვრცლად
ბათუმში სავალუტო ჯიხურში მომხდარი თავდასხმისას დაშავებულ პირს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის უფროსის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის ბესო ტაბიძის შვილი ვახო ტაბიძე ბათუმში სავალუტო ჯიხურში შეიჭრა და მფლობელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხა ვერ წაიღო. 

დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მას სამედიცინო დაწესებულებაში პირველადი სახის დახმარება გაეწია, რის შემდეგაც დაზარალებული მკურნალობას სახლში განაგრძობს.

რაც შეეხება მომხდარს, დეტალებზე სავალუტო ჯიხურის ერთ-ერთი მფლობელი და დაზარალებულის მამა საუბრობს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული პირი წინასწარ იცდიდა მიმდებარე ტერიტორიაზე, აკონტროლებდა იქ არსებულ ვითარებას და როდესაც დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ობიექტზე მარტო დარჩა, თავს დაესხა და ძალის გამოყენებით სცადა თანხას დაუფლებოდა, რაც საბოლოოდ ვერ მოახერხა. დაპირისპირების შემდეგ კი 19 წლის ახალგაზრდა ადგილიდან მიიმალა.

ჩხუბის ამსახველი ვიდეო კადრები ობიექტზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. 

"გადმოვიდა აქედან, ამან რომ გააღო თან წამოჰყვა და დაარტყა, თან ქვა გამზადებული ჰქონდა. სახის დანახვა ვერ მოასწრო. არ წაქცეულა ჩემი შვილი, თორემ რომ წაქცეულიყო მაშინ ის ფულსაც აიღებდა და ყველაფერს. თანხა მე მქონდა და ჩემი ბიჭი 10 წუთით ადრე მოვიდა მანქანით," - აცხადებს დაზარალებულის მამა.

როგორც ირკვევა, დაკავებული 19 წლის მამაკაცი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილია. ბესიკ ტაბიძე ასევე იკავებს რეგიონში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის პოსტს. "კურიერმა" მასთან დაკავშირება სცადა, გადამღები ჯგუფი მის სამსახურის ორივე მისამართზე მივიდა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ ის დღეიდან შვებულებაში გავიდა.

მცირე კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ, რომელიც ამბობს, რომ ოჯახი დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ოდნავ მოგვიანებით დააფიქსირებს.

"დადგება ფეხზე და მოგაწვდით ინფორმაციას, მეტი არაფერი არ ვიცი და ძალიან გთხოვთ გაცივდება ცოტა სიტუაცია და მოგიყვებით," - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. 19 წლის მამაკაცი ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი. ბესიკ ტაბიძე ამ თანამდებობას ის 2017 წლიდან იკავებს.

დღის ამბები