გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწოვნების პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება. საუბარია ექვს პირზე, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დილის 11:00 საათზე დაიწყება. პროკურატურა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ ვინ წარსდგება სასამართლოს წინაშე.
დაკავებული არასრულწლოვნებიდან სამი შიმშილობს. ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოკითხვას მოითხოვენ. ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებულებს შიმშილობის დაწყებისთანავე დასჯის მიზნის კამერიდან ტელევიზორი წაართვეს და არ აქვთ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება. უფლებადამცველები სხდომების ინტენსიურ რეჟიმში დანიშვნასაც აპროტესტებენ.
"დაიკითხებიან მოწმეები, გამოკვლევა ვიდეო მასალა, წერილობითი მასალა. ის რომ ზედიზედ ორი პროცესი ჩაინიშნა, არ შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ, რომ არასრულწლოვნების ინტერესები დაირღვა, რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, ეს პროცესები და დღევანდელი პროცესები ჩაინიშნება როგორც არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებით," - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
"იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, მაგრამ მოწმეები არ ვიცით, ბრალდების მხარე არ გვეუბნება, მოიყვანს მოულოდნელად მოწმეებს. ჩვენ ყველა მოწმისთვის და ჩვენი არგუნეტების წარსადგენად უნდა ვიყოთ მზად. გვინდა პროცესიდან პროცესის შემდგომ შევხვდეთ არასრულწლოვნებს, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები, მაგრამ ამის საშუალება არ გვეძლევა," - აღნიშნა არასრულწლოვანი ნ.ქ.-ს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა.
არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე და მართლმსაჯულება მოტივირებულია, რომ პროცესი მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვნების ინტერესი ირღვევა.