თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ადვოკატი რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდნენ. თეონა თამაზაშვილი მისი შვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებას გაეცნო. თამაზაშვილი ეჭვობს, რომ კაპანაძემ ბევრი რამ იცის, თუმცა არაფერს ამბობს.
"რადგან მე არ მხვდებოდა დავსვი კითხვები, მოსაძებნად რომ წავედით და საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რომ არ წამოვიდა, თურმე სიბნელის შინებია. არ მჯერა, იმიტომ რომ ალბათ რაღაც იცის და ასე ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ იცის გამტყუებლის ვინაობა, ვინც თამარი სახლიდან გაიტყუა," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.
საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული ადამიანების ჩვენებებში არსებით ცდომილებებზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ რამიშვილი. ადვოკატი კიდევ ერთხელ საუბრობს სუსის კუთვნილ ჯიპზეც, რომელსაც შესაძლოა მომხდართან კავშირი ქონდეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი არ ეთანხმება და ეჭვი აქვთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.