საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიახლე საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანაში მასმედიის თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობას.
როგორც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე თამარ ხიდაშელი განმარტავს, ამის მიზეზი კანონპროექტში ჩადებული არაერთი ბუნდოვანი ტერმინია, რომელიც სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ცვლილება ბავშვის უფლებათა კონვენციის რამდენიმე პუნქტს ეწინააღმდეგება.
"შემოთავაზებული ცვლილებებით შემოტანილია ისეთი ცნებები, რომელთა განსაზღვრებაც საკმაოდ რთულია, და, ჩვენი აზრით, იქნება სუბიექტური, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მისცემს შესაძლებლობას, რომ გააკონტროლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და განახორციელოს ცენზურა. მოწოდება არის საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომ მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ ცვლილებას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს ცვლილებების განხილვის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა,"- განაცხადა თამარ ხიდაშელმა.