09 სექტემბერი 2026,   00:13
ვრცლად
ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული თავდაპირველად მას დაუკავშირდა, თუმცა 112-ში გადაამისამართა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დღეს დაკავებული 19 წლის ვერონიკა არონიას ინტერვიუ  თავდაპირველად ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა, რის შემდეგაც ქალი დაუკავშირდა პოლიციას და მომხდარი აცნობა.

დღეს პროკურატურაში არ დაუკონკრეტებიათ, რომელ მედიასაშუალებას მისცა დაკავებულმა ინტერვიუ.

"როდესაც ვსაუბრობთ მედიასაშუალებაზე, ვგულისხმობთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაზე. რაც შეიძლება თქვენს მიერ წაკითხულ პოსტს, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ჯერ მოხდა ინტერვიუს აღება ამ ადამიანისაგან მედიასაშუალების და შემდგომში მოხდა დაფიქსირება ინფორმაციისა 112-ში და შემდგომში გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდება და არა პირიქით," - განაცხადა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა.

დღეს პროკურატურის ბრიფინგის პარალელურად, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. ის აცხადებს, რომ ვერონიკა არონია მას დაუკავშირდა და მოუყვა ისტორია შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორაცია უცნაურად მიიჩნია კილაძემ და სთხოვა არონიას, რომ 112-სთვის მიემართა.

"დამიკავშირდა ახალგაზრდა გოგონა, მითხრა რომ ცხოვრობს ვაზისუბანში და როდესაც ბავშვს ასეირნებდა, მოისმინა შემდეგი სახის ინფორმაცია - ორი ოდნავ ხანში შესული და ორი ოდნავ ახალგაზრდა პირი საუბრობდნენ შაქარაშვილის მკვლელობაზე. შევთანხმდით მეორე დღეს შეხვედრაზე, რომ უფრო მეტი დეტალი გამეგო და ვიზუალურადაც მენახა. როდესაც დავუკავშირდი მითხრა რომ იმყოფება ზუგდიდში. ეს რა თქმა უნდა მაშინვე არ მომეწონა. მუდმივად ვეუბნებოდი რომ მიემართა 112-ისთვის. შესაძლოა ეს გოგო ნამდვილად იყო რაღაც დანაშაულის ფაქტის მოწმე, რომელიც უკავშირდება შაქარაშვილის მკვლელობას და ის დააკავეს იმიტომ რომ უბრალოდ ვერ დაადასტურა ან ეს კვალი სამუდამოდ წაიშალა. ან რეალურია ის ვერსია, რომელზეც გველაპარაკებიან, რომ მან გადაწყვიტა ცნობადი გამხდარიყო.

ინტერვიუ აიღო მისგან "ფორმულამ" და ინტერვიუ მისგან არ ამიღია," - განაცხადა ელისო კილაძემ.

ცნობისთვის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. 19 წლის ვერონიკა არონიას მომხდართან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს, მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს. ახალგაზრდამ მედიასთან ისაუბრა 4 პირის შესახებ, რომლებიც თითქოსდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე საუბრობდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, ათობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად დადგინდა რომ არონია ცრუობდა. მას 3-დან 7-დ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღესვე პროკურატურამ ახალი ექსპერტიზის დეტალები გაასაჯაროვა. 

 

დღის ამბები