09 სექტემბერი 2026,   04:13
ვრცლად
ასლან ბჟანიას თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მედია

პატრიოტთა ალიანსის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მიერ ე.წ დეპუტატებთან შეხვედრის დროს  გაკეთებულ განცხადებაზე საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს. apsnypublic.ru ინფორმაციით, როგორც ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებთან განაცხადა, მოლაპარაკებებისთვის მზადება მისი მოსკოვში ვიზიტის დროს დაიწყო და უფლებამოსილ პირად მისი მრჩეველი ლაშა საქანია შეირჩა. 

ე.წ დეპუტატებთან შეხვედრის დროს ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "პატრიოტთა ალიანსი" მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო უწყებას დაევალა "სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს". ასლან ბჟანიამ ილორის ეკლესიისთვის ხატის გადაცემის ფაქტს ჰუმანიტარული მისია უწოდა და განაცხადა რომ მსგავსი ქმედება არავისთან შეთანხმებულა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის მედია წერს ასლან ბჟანიას დაუსვეს კითხვა რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ურთიერთოის გადახედვასთან დაკავშირებით, რაზეც ბჟანიამ აღიარა, რომ შეცდომა იქნა დაშვებული.

საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით შეხვედრას 30 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ "არუაა"-ს წარმომადგენლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ 18 აგვისტოს მოვლენები შეფასდეს, როგორც მიუღებელი.

როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა და ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.

დღის ამბები