17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
ევროკავშირი და NATO აპირებენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე მოსკოვს სანქციები დაუწესონ - სად აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება

ევროკავშირი და NATO აპირებს მოსკოვს სანქციები დაუწესოს. ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. იენს სტოლტენბერგმა მომხდარ ფაქტს დემოკრატიულ უფლებებზე თავდასხმა და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა. შპიგელის ინფორმაციით, ბოთლზე, რომელიც ალექსეი ნავალნის თვითმფრინავში ჰქონდა, მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას პოლიტიკოსის მოწამვლის მტკიცებულებები ჯერ არ უნახავს, თუმცა ვაშინგტონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ საკითხს სერიოზულად შეისწავლის.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ნავალნის მოწამვლის საქმეზე, მოსკოვის სასამართლომ იურისტების სარჩელი არ დააკმაყოფილა. პუტინის მთავარი ოპონენტის დაცვის მხარემ, გამოძიებასთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მათი ბრალდება არაობიექტური გამოძიების შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნია.

"პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა" ასე აფასებენ ნავალნის მოწამვლის ფაქტს პუტინის ოპოზიცია და აქტივისტები. ვლადიმირ კარა ამბობს, რომ ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა ოპონენტების მოსაშორებლად, საბჭოთა დროის ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

ნავალნის მოწამვლა გერმანია-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. გერმანიის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებას, მკვლელობის მცდელობაში ღიად ადანაშაულებს და პუტინის რეჟიმს- კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს. გერმანიის პოზიციას იზიარებენ ევროკავშირი და ნატო. საერთაშორისო საზოგადოება მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ევროკავშირის განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ რეგულაციების გატარების შესახებ, მხარს უჭერს საქართველოც.

ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ მოსკოვისთვის სანქციების დაწესება უშედეგო იქნება, თუ გერმანია რუსული გაზსადენის "ნორდ სტრიმ 2"-ის მშენებლობას არ შეაჩერებს.

რუსული გაზსადენის მშენებლობა, მოსკოვისთვის ენერეგორესურსების მიმართულებით, ევროპაში უპირობო ლიდერობის გარანტია. ამის მიუხედავად, გერმანია გაზსადენის პროექტის შეჩერებას არ აპირებს. ამ პოზიციას ის სატრანზიტო ქვეყნებიც იზიარებენ, სადაც "ნორდ სტრიმ 2"-ის მშენებლობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოდან კომაშია. ის შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავი იძულებით ქალაქ ომსკში დაეშვა. ნავალნის თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, რამდენიმე დღეში კი ბერლინში გადაიყვანეს. ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს, თუმცა ამას არ ადასტურებდნენ რუსი ექიმები. ბერლინის კლინიკაში გადაყვანილ ნავალნის დამატებითი კვლევები ჩაუტარეს. გუშინ გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია ქიმიური ნივთიერებით, რომელიც "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტების ჯგუფს მიეკუთვნება. მსგავსი ნივთიერება იქნა გამოყენებული დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სკრიპალის მოწამვლის დროსაც.

დღის ამბები