ნაკლები ფული მთავრობას, მეტი კეთილდღეობა ხალხს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ გორში მხარდამჭერებთან შეხვედრისას, პარტიის ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნების შემდეგ გარდამტეხი ცვლილებები, პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას უნდა ეხებოდეს. პარტიის ლიდერმა პენსიების და სოციალური დახმარებების გაორმაგება დააანონსა.
"გამოვიყენოთ არჩევნები გარდამტეხი ცვლილებებისთვის და უკეთესობისთვის, რომელიც უნდა მოვუტანოთ თითოეულ ოჯახს, გორშიც, ქართლშიც და საქართველოშიც. ამ ყველაფერს, პირველ რიგში, სჭირდება არჩევნებზე მისვლა, იმიტომ, რომ ამ ცვლილებების ბედი არის, ყველა თქვენგანის ხელში. გამოსავალი არ არის "პოლიტიკა ცუდია და სახლში ვისხდეთ", არა. გამოსავალი ის არის, რომ ერთად მივიდეთ არჩევნებზე, პოლიტიკაც შევცვალოთ, ქვეყანაც შევცვალოთ, ჩვენი ცხოვრებაც შევცვალოთ და გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ ამ ქვეყანაში,"- "განაცხადა ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ.
"ყველა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებების დრო არის, ასე ცხოვრება არ შეიძლება. არც უკან დაბრუნება აღარ არის საჭირო. ეს გუნდი, თქვენ, მთელი საზოგადოება ხართ ის გუნდი ვინც წაიყვანს ქვეყანას ცვლილებებისკენ, ვისაც აქვს კომპასი და იცის, რა უნდა გააკეთოს,"-აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.