თბილისის პროკურატურაში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ეკა ქობესაშვილი დაიბარეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სატელიტის ფოტოების წყაროზე ისაუბრა. უფლებადამცველი გამოკითხვაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ეს საქმეში დაცვის განხორციელებაში ხელს შეუშლის.
ქობესაშვილის თქმით, სატელიტური ფოტოების ნამდვილობის დასადგენად უკვე დანიშნულია ექსპერტიზა. ის ასევე გაეცნო საქმის მასალებს, რომელთა შორისაა ამონაწერი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მამასა და უბნის ინსპექტორს შორის განხორციელებული ზარები ფიქსირდება.
"უნდოდათ ჩემი გამოკითხვა, მე ამაზე უარი განვაცხადე, ავუხსენი, რომ ვარ საქმეზე ადვოკატი და შეიძლება დაცვის განხორციელებაზე შემშლოდა ხელი," - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.