09 სექტემბერი 2026,   07:51
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დღეს ის პოლიციელები და ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს

დღეს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ის პოლიციელები და ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებმაც გარკვეული საპროცესო მოქმედებები განახორციელეს. ასევე გამოიკითხებიან მთავარი მოწმეები, რომლებიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არიან წარმოდგენილები.

"როგორც ყოველთვის, ჩვენთვის ახლაც უცნობია ბრალდების მხარე რომელ მოწმეებს წარმოადგენს. თუმცა, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს უშუალოდ შემთხვევის თვითმხილველი მოწმე გური ამირხანაშვილი. 60 მოწმიდან დაკითხულია 24 მოწმე, მათგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ნ.ქ.-ს მიმართ არავითარი გამამტყუნებელი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი," - აღნიშნავს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატის განცხადებით კი, საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე აუცილებლად უნდა დაიკითხოს. 

"არ ვფლობ ინფორმაციას ვინ დაიკითხება მოწმის სახით. თუ ბოლო პროცესებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ე.წ. ერთი ოქროს მოწმე აუცილებლად დაიკითხება. ჩვენ ბუნებრივია გვექნება კითხვები პირველ რიგში იმ ჩვენებებთან დაკავშირებით, რაც გამოკითხვის ოქმებშია ასახული," - აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დღეს შაქარაშვილის საქმეზე 10 მოწმე დაიკითხება, ისინი ექსპერტები და გამომძიებლები არიან. 

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 10 მოწმე, აღნიშნული პირები არიან ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა კვლევა ჩაატარეს, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე და ასევე დაიკითხებიან გამომძიებლებიც. დღეს არცერთი დაზარალებულის გამოკითხვა არ იგეგმება,"- აღნიშნა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა. 

დღის ამბები