ფაქტი, თითქოს ტელეფონი, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა ამტკიცებდა, რომ გურამ ამირხანაშვილს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოძიებამ გაშიფრა სქემა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა თამაზ ხომასურიძემ იქამდე, ვიდრე მობილური ტელეფონი წარადგინა, როგორც უტყუარი მტკიცებულება, თუ როგორ ალაგებდა საქმეს გამოძიება, გურამ ამირხანაშვილთან შეთანხმებით.
დაკავებული თამაზ ხომასურიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უსაფუძვლოა.
"ამ ეტაპზე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. მეც სოციალური ქსელების საშუალებით გავიგე. რაც შეეხება მუქარის ფაქტს, მე რამდენადაც მომისმენია მისი განცხადებები, ის პირადად არავის დამუქრებია და ზოგადად საუბრობდა იმ შესაძლო საფრთხეებზე, რაც მას შეუთვალეს. ამიტომ, მისი დაკავება საფუძვლიანი არ ყოფილა. ვფიქრობ, დაკავება მის იმ აქტიურობას მოჰყვა, რასაც მისი შვილის მიმართ ახორციელებდა," - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.
როგორც შსს-ს წარმომადგენელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, წინასწარ შედგენილი სქემის მიხედვით ირკვევა, რომ თამაზ ხომასურიძემ მის მეგობარს დაავალა შეეძინა ორი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი რეგისტრაციის გარეშე. სწორედ ამ ორი საკომუნიკაციო საშუალებით უნდა შემდგარიყო არარსებული საუბარი საქმის ოქროს მოწმესა და გამომძიებელს შორის. უფრო მეტი სიმყარისთვის დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ გურამ ამირხანაშვილის სახელით მოკლე ტექსტური შეტყობინებები უნდა გაგზავნილიყო სწორედ ამირხანაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო გამომძიებლის როლს ასრულებდა თავად ხომასურიძე, რომელიც გადაადგილდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ საქმის გახსნამდე ეს ვერსია გაჟღერდა ერთ-ერთი მედიასაშუალებითაც, რა საქმეზეც პოლიციამ სიუჟეტის ავტორიც გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე ამ ვერსიის გასამყარებლად ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
თამაზ ხომასურიძე შსს-მ მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენებების ფაქტზე დააკავა.