19 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
დაპირისპირება თხილის ჩაბარების გამო - ზუგდიდში სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ზუგდიდში სასტიკად ნაცემი მამაკაცი გარდაიცვალა. 9 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფებოდა. ჯგუფურ ძალადობაზე დაკავებულ 2 პირს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი თხილის ჩაბარება გახდა, კომპანიის თანამშრომელს, რომელიც პროდუქტის ვარგისიანობაზე იყო პასუხისმგებელი, ჩამბარებელ პუნქტში მისულმა პირებმა დაზიანებები მიაყენეს.

დაზიანების მიყენების შემდეგ ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში მყოფმა მამაკაცებმა ირაკლი ჭკადუა ქუჩაში დაგდებული დატოვეს და ტერიტორიიდან მიიმალნენ. 38 წლის მამაკაცი შემთხვევიდან მალევე საკუთარმა ძმამ იპოვა და ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. 2 დღიანი მკურნალობის შემდეგ რეფერალურმა კლინიკამ ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად პაციენტის თბილისში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ირაკლი ჭკადუა კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს და მეტიც მომხდარს განსხვავებულად იხსენებენ. ბრალდებულების ვერსიით ირაკლი ჭკადუა წაიქცა და სასიკვდილო დაზიანება თავის დარტყმის შედეგად მიიღო. ჭკადუას საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე მიუსაჯა. საბოლოო გადაწყვეტილება კი, საქალაქო სასამართლომ ოქტომბერში უნდა გამოიტანოს.

დღის ამბები