19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"როგორ ვისაუბრო ან ჩემს დაზარალებულობაზე, ან ჩემს პრეტენზიაზე, როდესაც ასეთი ამბავია მომხდარი" - კონსტანტინე ღიბრაძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დღეს კონსტანტინე ღიბრაძის დაკითხვით განახლდა. როგორც მოწმე ამბობს, არ აქვს არანაირი პრეტენზია იმ პირის მიმართ, ვინც მასზე ფიზიკურად იძალადა, რადგან, მისივე განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის ფონზე თავს უფლებას ვერ მისცემს, საკუთარ დაზიანებებზე სამართლებრივად იდავოს. 

კონსტანტინე ღიბრაძე ამბობს, რომ მან სასამართლოს მიაწოდა ყველა ის ინფორმაცია, რომელზეც მის წინა ორ ჩვენებაშია საუბარი. ის განმარტავს რომ კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

"რაც აქამდე მეწერა ჩვენებებში, პირველშიც და მეორეშიც, ის ვთქვი ახლაც. კონკრეტულად არც იქ ვსაუბრობდი, ვინ არიან ის პიროვნებები ან რამე პრეტენზია თუ მაქვს, ან ჩემი დაზარალებულობის შესახებ თუ მაქვს რამე პრეტენზია. ამაზე როგორ ვისაუბრო, ან ჩემს დაზარალებულობაზე, ან ჩემს პრეტენზიაზე, როდესაც ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით, არ არის სწორი,“ - ამბობს კონსტანტინე ღიბრაძე.

ორსაათიანი პროცესის შემდეგ, მოწმე, პროკურორი და ადვოკატები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. დახურული სხდომის დეტალებს ყველა განსხვავებულად ჰყვება.

პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ კოკო ღიბრაძემ დიდი დაპირისპირება აღწერა ავტომაგისტრალზე, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიიღო გიორგი ქათამაძემ.

"გადაადგილებისას, როდესაც ავტომობილი უნდა გაეჩერებინა, მოიხედა უკან, რა დროსაც დაინახა, რომ ადგილზე მერსედესიდან გადმოსული პიროვნებები ჩართული იყვნენ ჩხუბში. მოწმემ არ იცის სახელი და გვარებით აღნიშნული პიროვნებები ვინ იყო. მათი ამოცნობა არ შეეძლო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ეს იყო არასრულწლოვანი ლ.შ.და გ.მ.“ - ამბობს პროკურორი, ნანა გუგუტიშვილი.

"მოწმემ დაასახელა, რომ ის ორი პიროვნება, რომელზეც იყო კითხვები დასმული, მას არ შეუნიშნავს, რომ მიიღეს ჩხუბში მონაწილეობა. წამიერად დაინახა გაქცევის დროს ეს პიროვნებები. წამიერად როგორ შეიძლება, ადაინმა აღიქვას, იქ რა ხდებოდა. მოწმემ თქვა, რომ შესაძლოა ეს პიროვნებები იყვნენ, მაგრამ ის რომ ამ პიროვნებებმა ვინმეს დაზიანება მიაყენეს, ეს არ უთქვამს,“ - განაცახდა  არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა, ზაქარია გვიშიანმა.

დღის ამბები