27 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის დაკითხვა სასამართლოში - არასრულწლოვანთა პროცესზე იაკობ ბრეგვაძეს მოუსმენენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაიკითხება საქმის ოქროს მოწმე - იაკობ ბრეგვაძე, ფოტოგრაფი, რომელიც სასამართლოს ჩვენებას მისცემს. ის სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფება. ბრეგვაძე მედიასთან დუმილს ამჯობინებს.

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით კი, იაკობ ბრეგვაძემ იფიქრა, რომ როგორც მან უშველა 18 ივნისის ღამეს თავს გაქცევით, დანარჩენებიც ანალოგიურად მოიქცეოდნენ.

"იაკობი არცერთ ბიჭს არ იცნობდა. მას უფრო კარგად ახსოვს ის ორი ადამიანი, რომელიც მაგისტრალზე წამოეწიათ და ნომრები გაცვალეს მისთვის უცნობმა ადამიანებმა და ასევე უცნობმა ორმა პირმა. არცერთს ინიციალები მაშინ ბუნებრივია არ იცოდა. მან იფიქრა, რომ როგორც მან უშველა გაქცევით თავს, ასე უშველიდა ყველა დანარჩენი ბავშვი. სანამ პატრული მოვიდოდა, მანამდე რომ ურეკავენ, იქაც კი ეუბნება, რომ აზრი აღარ აქვს, აქ კონფლიქტი ამოწურულია და ნუ მოხვალთო," - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, იაკობ ბრეგვაძესთან მათ ექნებათ კითხვები ყველა დეტალზე, მათ შორის აგარაკზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ხიდთან დაკავშირებულ მოვლენებზე.

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს იაკობ ბრეგვაძე ვერ დაადასტურებს.

"როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტები ტარდებოდა და იქ უთითებს მოწმე, რომ ჩანდა შესაძლო ადგილები. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეძლო ამ ყველაფრის დაფიქსირება მან. რა ხდებოდა, რატომ არ მოუყვა პოლიციის თანამშრომლებს სიმართლე, რომ იქ არსებობდა საფრთხეები. როგორ მოხდა პოლიციის თანამშრომლებთან მისი მისვლა და ასე დამთხვევა, რომ შესაბამისი რეაგირება იმ პოლიციის თანამშრომლებმა არ მოახდინეს, როდესაც პირი ეუბნებოდა, რომ იქ იყო საფრთხე," - აღნიშნა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

სხდომას 6 ბრალდებულიდან მხოლოდ 5 ესწრება. სხდომაზე არ მივიდა არასრულწლოვანი ზ.ხ., რომელიც პროცესებზე დასწრებაზე უარს ამბობს.

 

დღის ამბები