26 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ამ წუთებში საკუთარ ხედვას ერთ-ერთი კანდიდატი, ირმა სოხაძე წარადგენს.

საბჭომ უკვე მოუსმინა ალექსანდრე ვახტანგოვს. დღესვე, დაგეგმილია კიდევ ორ კანდიდატთან - ხათუნა ლაგაზიძესა და თინათინ ბერძენიშვილთან გასაუბრება.

"მთავარია ისეთი გადაცემები კეთდებოდეს, რომელსაც მაყურებელი სულმოუთქმელად თუ არ ელოდება, ყოველ შემთხვევაში უყურებს, მოსწონს, ან ერთობა, რაღაცას სწავლობს. ტელევიზია უნდა გახდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხალხისთვის მისაღები, საყვარელი, ძალიან წონიანი მაუწყებელი უნდა იყოს, რომლის არცერთი გადაწყვეტილება და არცერთი სიტყვა ეჭვის ქვეშ არ დგება. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. თუ ბორდი დამიჭერს მხარს და ნდობას გამომიცხადებს," - განაცხადა ირმა სოხაძემ.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ვაკანსიაზე კონკურსი შემდეგ გამოაცხადა, რაც 18 აგვისტოს პოსტი დატოვა ვასილ მაღლაფერიძემ. კონკურსის მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა.

დღის ამბები