27 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
სამ ადამიანს დაგვესხა დაახლოებით 100-მდე პირი და ფიზიკურად გაგვისწორდნენ - მარნეულში ერთ-ერთ დაშავებულს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული

"ნაციონალური მოძრაობა" ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მარნეულში ჟურნალისტებს და ოპოზიციური პარტიების წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა.

ქვემო ქართლში საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. მიმდინარეობს დაკითხვები. ჯერჯერობით, უცნობია მოხდა თუ არა სრულად კონფლიქტში მონაწილეთა იდენტიფიცირება.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით კი, მათ უკვე იციან 10 პირის სახელი და გვარი, ვისი დანაშაულიც იკვეთება ღამით მომხდარ დაპირისპირების საქმეში.

ოპოზიციური პარტიის წევრების ინფორმაციით, ინცინდენტში "ქართული ოცნების" აქტივისტებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობდა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი რეგიონში. ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, მას სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული. ამ საქმეზე ჯერ დაკავებული არავინაა.

"თავს დაგვესხნენ "ქართული ოცნების" შტაბის წევრები - ამირან გიორგაძე საკრებულოს თავმჯდომარე, შერო ბოჭოიძე საკრებულოს იურისტი, ლაშა ჩხიტუნიძე მერიის თანამშრომელი. ჩვენ ვისხედით მანქანაში, მე ბარ საოლქო კომისიის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", მამაჩემი არის "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსის მოადგილე და ჩემი მამიდაშვილი, რომელიც არის აგვისტოს ომის გმირი, ჩვენ სამ ადამიანს დაგვესხა დაახლოებით 100-მდე პიროვნება და ფიზიკურად გაგვისწორდნენ ისე, რომ მანქანიდან გადმოსვლაც კი ვერ მოვასწარით. სამივე გვცემეს, მერე მანქანას წიხლებით შედგნენ," განაცხადა დაზარალებულმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ქველაძემ.

"ახალგაზრდა ბიჭმა მუშტი გააქნია, მერე როცა კამერას შეეხო, მეთქი კამერას ნუ ეხები, შემდეგ უკნიდან ვიგრძენი 5-6 მუშტი ერთდროულად. ამ დარტყმის შედეგად მე დავვარდი და ადგომას ვაპირებდი, კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი. რკინა და ხე არის, პირდაპირ იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. ერთი ის მახსოვს, როცა ჩამარტყეს უკნიდან, თვალებში დამიბნელდა," - განაცხადა დაზარალებულმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ

 

დღის ამბები